ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში, სატიკნეს გორის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი აწარმოებს.
არქეოლოგიური სამუშაოები სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ დაფინანსებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ ნამოსახლარს ჭობარეთის არქეოლოგიური ექსპედიცია დოქტორ კახა კახიანის ხელმძღვანელობით 10 წელზე მეტია იკვლევს. კვლევაში ჩართულია გიორგი ბედიანიშვილიც. შესწავლილია ძვ.წ. აღ. III ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურის ტერასულად განლაგებული 19 ნაგებობა, სამეურნეო ორმოები და ნამოსახლართან დაკავშირებული სამაროვანი.
2023 წლის სეზონზე არქეოლოგების გუნდმა ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის გ. ჩილინგარაშვილის ხელმძღვანელობით გამოავლინა და შეისწავლა დამატებით ოთხი საცხოვრებლი ნაგებობა, მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მრავალფეროვანია და ასახავს 5000 წლის წინანდელი საზოგადოების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.


