ყოველთვის და ახლაც მგონია, რომ საქართველოში არსებული წამყვანი მედიასაშუალებები მხოლოდ ცენტრალური ლოკაციების ამბების გაშუქებით არიან დაკავებულნი.
მათ მკითხველს ზოგჯერ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამდენი საინტერესო ამბავი ხდება დიდი და პატარა ქალაქების მიღმა.
ვფიქრობ, ერთი პატარა სოფლის უბრალო ღონისძიებაც კი იმსახურებს პოპულარიზაციას.
რეგიონში ცხოვრობენ საინტერესო ადამიანები, საინტერესო საქმიანობებით, ასეთი ამბები კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
უამრავი მიტოვებული ადგილი, რომელიც, შესაძლოა, მომავალში მსოფლიოს წამყვან კურორტად იქცეს, ნორმალურად არც კი იძებნება ინტერნეტში.
ამიტომ, აუცილებელია, რომ არსებობდეს პლატფორმა, სადაც რეგიონის ყველა პრობლემა და პოტენციალი გამოქვეყნდება.
მედიაბაზარზე თითქმის ვერ ნახავთ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც დაბალანსებულად აშუქებს პრობლემებს და ობიექტურად აწვდის აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზებს ადგილობრივ თვითმმართველობებს.
მიმაჩნია, რომ Municipal.GE საუკეთესო სიახლეა მათთვის, ვისაც რეგიონზე ნამდვილად შესტკივა გული და რასაკვირველია, განვითარებაზეა ორიენტირებული.
გვაქვს ამბიცია, რომ Municipal.GE პირველი რეგიონული საინფორმაციო ჰაბი გახდეს და ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ამ მიმართულებით.
მთავარი რედაქტორი
თორნიკე კუჭაშვილი


