სამედიცინო ჟურნალისტი მაია ცომაია დუშეთის რაიონ სოფელ ოძისში არსებულ წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მაია ცომაიას განმარტებით, სოფელ ოძისში, მოსახლეობას წყალი კვირაში მხოლოდ 2-3 ჯერ მიეწოდება.
ჟურნალისტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება აღნიშნული საკითხის მიმართ.
“4 წელი გახდა, რაც სოფელ ოძისში შევიძინე ეზო-კარი.
როგორც სამედიცინო მიმართულების ჟურნალისტს, იმედი მქონდა, ბევრ სასარგებლო პროექტს განვახორციელებდი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებასა და პაციენტის უფლებების დაცვაზე!
ყველაზე დიდ პრობლემას სასმელი წყლის უქონლობისას შევეჯახე, ყიდვისას არ ჩავძიებულვარ დეტალებს, 21-ე საუკუნეში ვერც მოვიაზრე..
ჩინოვნიკებო, თურმე წლებია ხალხს კვირაში მხოლოდ 2-3 ჯერ მიეწოდება წყალი.
სირცხვილი, ადამიანების დაცინვა მდინარეების ქვეყანაში სასმელი წყლის არარსებობა!
თანდათან ვიგებ.
იცოცხლეთ, მოსახლეობის თვალის ასახვევად, არაერთხელ შეკრებილან ზარ-ზეიმით წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების თავმკვრელთა რაზმი!
მრავალგზის დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია!
სად წავიდა 2015 წელს წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის ამერიკული კომპანიის მიერ გამოყოფილი 84,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი? გამრიცხველიანებაც სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო, რაც თავიდან აიცილებდა წყლის არარაციონალურად მოხმარებას – დღემდე რატომ არ არის?
ვის ჯიბეში მიდის ბიუჯეტისა და არასამთავროებების მიერ მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული ფული?
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
ან ვინ აკონტროლებს 24 საათიან რეჟიმში, ბაღ-ბოსტნებში მიშვებულ წყალს, მაშინ, როცა ხალხს სასმელი წყალი ენატრება და ქანცის გაწყვეტამდე ზიდავენ საკმაოდ მოშორებით, წყაროდან!
ზევით უბანს კვირაში 2-3 ჯერ მიეწოდება 1-1.5 საათით წყალი, რომელიც მხოლოდ ეზოში ნარგავების შესაწუწად თუ გამოდგება, სასმელად ან საჭმლის მოსამზადებლად კატასტროფულად საშიშია დამახასიათებელი სპეციფიკური სუნითა და ბაქტერიების ბუდით!
მართალია სოფლის ყოფილმა რწმუნებულმა, რომელსაც რა ენაღვლება სასმელი წყალიც აქვს უწყვეტად და სარწყავიც, მომიგო-ჩვენ ამ წყალს ვსვამთო!
ჩინოვნიკებო და პარტიულო მონა-გოშიებო გეპატიჟებით ყველას ამ წყლის დასალევად! ჩაციებულს დაგახვედრებთ!
შემაძულეთ ეს სოფელი, დამიკარგეთ ყველანაირი მოტივი ვიზრუნო ხალხის კეთილდღეობაზე!
საქართველოს მთავრობა
უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩემი სტატუსი და მოახდინოთ მყისიერი რეაგირება, გააკონტროლოთ ბიუჯეტის ფულის მიზნობრიობა!
ხალხის ხმა მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა გახსენდებოდეთ!”, – წერს მაია ცომაია სოციალურ ქსელში.