საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ნათია თურნავამ მოხსენებაში ის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.
თავისი გამოსვლა მან ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის – ფასების სტაბილურობის შესახებ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, ინფლაციის მიზნობრივი დონე კი 2018 წლიდან 3 პროცენტს შეადგენს.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ადეკვატური პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა. გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებაზე და აღნიშნა, რომ სებ-მა 2024 წლის პირველ ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა მისივე თქმით, წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
„მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა. აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და, შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა. შიდა ფაქტორებთან ერთად, საგარეო მოთხოვნაც გარკვეულწილად დადებითად ისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო რეზერვებზე და ხაზი გაუსვა, რომ რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეა მიმართული.