ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში მესამედ ტარდება და ის ტრადიციულად სლოგანს – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი ეხმიანება.
ღვინის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები – ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფესტივალის ფარგლებში, 17 მაისს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ჩატარდა ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულების ვინაობაც, ფესტივალზე საზეიმო ვითარებაში გახდა ცნობილი. წელს ჟიურის წევრებმა 20 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 138 ღვინის ნიმუში ბრმა დეგუსტაციით შეაფასეს. ღვინის კონკურსში მონაწილე – 26 მეღვინეობას ბრინჯაო, ხოლო 14 მწარმოებელს, ვერცხლი გადაეცა. რაც შეეხება ოქროს – ოქროს შეფასება ფესტივალზე სულ 19-მა ღვინომ დაიმსახურა. გამარჯვებულებს შორის, 6 ოქროთი, 6 ვერცხლითა და 9 ბრინჯაოთი გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრი ბოლნისური მარნები იყვნენ.