ბოლო რამდენიმე დღეა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება.
ცნობისთვის, 2022 წელს ბალდის კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შპს “კანიონი 350-მა” აუქციონზე 24 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 40 წლის იჯარით მიიღო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამი წლის განმავლობაში უნდა შეესრულებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და არანაკლებ 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.
მოსახლეობის თქმით, სააგენტომ სამართლებრივი მოთხოვნები დაარღვია, რადგან კანიონის იჯარით გაცემის გადაწყვეტილება ადგილობრივების ინფორმირების და მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
ბალდის კანიონი – ზღვის დონიდან 295 მ სიმაღლეზე, ბუნების ძეგლია.
ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, სახელმწიფომ “არ გაახანგრძლივოს მოსახლეობისგან მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება”.
ბალდის კანიონი ხელუხლებელი, უნიკალური გეოგრაფიული რელიეფითა და იშვიათი ეკოსისტემით გამოირჩევა. მარტვილის ცენტრიდან 11 კილომეტრშია. მას ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა.


