საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით, უნიკალური ლანდშაფტითა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ლოკაციებით მუდმივად იპყრობს უცხოელი ტურისტის გულს, თუმცა, სახელგანთქმული ბორჯომის, საირმისა და აბასთუმნის გარდა, არაერთი კურორტი არსებობს, რომლებიც მივიწყებულია და ზემოთ ჩამოთვლილებს არაფრით ჩამოუვარდება.
საწირე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სუფთა ჰაერი და სიმშვიდე შესანიშნავ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის. აქ ერთმანეთს ერწყმის ზღვისა და მთის ჰავა, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატს განაპირობებს. საწირე ცნობილია, როგორც ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი.

მენჯი — ბალნეოლოგიური კურორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

მუაში – ლენტეხის მუნიციპალიტეტი – ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, მზის მაღალი რადიაცია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი (მინერალიზაცია — 2,1 გ/ლ; ტემპერატურა 9 °C; დებიტი 13 ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. ტრადიციულად ითვლება, რომ დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების შემთხვევებში. სეზონი გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რომლებიც საქართველოში არსებობს, მაგრამ მათი არსებობა ცოტამ თუ იცის.
MUNICIPAL.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ მსგავსს სტატიებს.
თორნიკე კუჭაშვილი


