„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.
როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ძირითადი, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია.
კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ზოგადად, ახლა, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, იმ ინფორმაციით, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, შემთხვევები შედარებით მომატებულია და ასეც უნდა იყოს. აგვისტოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, მობილობა გაიზარდა, ბაღებსა და სკოლებში უფრო მეტი ბავშვი დაბრუნდა. ასე რომ, ეს აბსოლუტურად ახსნადი დინამიკაა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარ-თებერვლის თვეებში მიაღწევს. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, როგორც ყველაზე აქტიური პერიოდი, სწორედ ეს სამი თვე გამოირჩევა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი აქცენტი გრიპის ვირუსზეა. გრიპის ვირუსი სწორედ იმ ვირუსს წარმოადგენს, რომელსაც გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა ( განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის) ყველაზე მეტად ახასიათებს. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, საქართველოში, ნოემბერში, ალბათ, უკვე გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები გამოჩნდება. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გრიპის სეზონისთვის მზადებაა. მზადებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


