საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინანსურ კონფერენციაზე – SIBOS 2025 მომხსენებლის რანგში წარდგა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროპის ერთიან საგადახდო სისტემა SEPA-ში გაწევრიანებით ფინანსური ფრაგმენტაციის დაძლევა და რეგიონული ფინანსური კავშირების განმტკიცებაში მონაწილეობა შეუძლია. ნათია თურნავამ ამ მხრივ განსაკუთრებით შუა დერეფნის ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„რეგიონის ქვეყნებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც თანხმდებიან, რომ რეგიონული ინტეგრაცია გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ შუა დერეფანში მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობა ფინანსური სერვისების განვითარებაში შეიძლება იქცეს გლობალური გაურკვევლობის საპირწონე ძალად“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ქვეყნის განაცხადი ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებაზე.
„SEPA-ში წევრობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს უფრო ეფექტური გადახდის სისტემები ევროკავშირთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი სავაჭრო კავშირებისა და ტრანზაქციების მოცულობის ზრდის ფონზე. შუა დერეფნის სტრატეგიული როლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს SEPA-ში ჩართვა გაამყარებს რეგიონულ ფინანსურ ურთიერთობებს და ქვეყანას ევროკავშირსა და დერეფნის ქვეყნებს შორის გადახდების კარიბჭედ აქცევს,“ – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.


