სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოხუმის თეატრმა, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ქორეოგრაფიული პერფორმანსი „გზა“ (277, 403) წარმოადგინა, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„რეჟისორ კოტე ლიპარტელიანის დადგმა ყველა იმ დევნილ ადამიანს ეძღვნება, რომელსაც 1993 წელს საკუთარი სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
პროექტის ფარგლებში, ინტერვიუ ჩაიწერა ჯაბა ჯანაშიასთან, რომელიც დევნილი 9 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გახდა. მას მშობლებთან და დასთან ერთად, ჭუბერის უღელტეხილის გადასალახად 13 დღე დასჭირდა. ინტერვიუზე და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, მომზადდა ფილმი, მუსიკა და პერფორმანსი. წარმოდგენის პირველ ნაწილში ნაჩვენები იყო ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუ, ხოლო პერფორმანსის მეორე ნაწილში მოქმედება უკვე თეატრის სცენაზე განვითარდა.
საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


